30 დეკემბერი 2024,   20:31
ვრცლად
მმართველი გუნდის თქმით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს უმრავლესობის მხარდაჭერის მიღება გაუჭირდებათ - რას ამბობენ ოპოზიციაში

პრეზიდენტმა ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა და ის კონკურსიდან ჩახსნა. ხოლო პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

"კურიერი" ერთ-ერთ კანდიდატს რევაზ ეგაძეს ესაუბრა. ეგაძე მიიჩნევს, რომ პროფესიული თვალსაზრისით განხილვის შემთხვევაში მას არჩევის საკმაოდ მაღალი შანსები აქვს.

"პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად კანონიერ ჩარჩოსა და კანონიერ ფორმატში. ჩემს თავზე რომ ვისაუბრო, საკმაოდ მაღალი მაქვს შესაძლებლობები და შანსი, იმის გათვალისწინებით რომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან მრავალწლიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობის პრაქტიკა მაძლევს ამის ძალიან კარგ და ნოყიერ საშუალებას. გარდა ამისა, ვარ სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში ჩართული რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, საარჩევნო სამართლის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩემი შანსები მაღალია და საქართველოს პარლამენტის წევრები განიხილავენ ჩემს კანდიდატურას და მივიღებ შესაბამის მხარდაჭერას," - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა რევაზ ეგაძემ.

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის შესარჩევი კონკურსიდან გამოთიშვას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ისინი გადაწვეტილებას არაერთგვაროვნად აფასებენ.

ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კონტექსტში პრეზიდენტის ნაბიჯი გამართლებულია.

"სწორი აქცენტები დასვა, იმიტომ რომ 12-პუნქტიან რეკომენდაციაში სწორედ იმაზე საუბარი რომ თვითონ არჩევის წესი უნდა იყოს შეცვლილი, კონსენსუსის გზით უნდა იყოს არჩეული. მთავარი ამოცანა უნდა იყოს თვითონ ინსტიტუტის გაძლიერება და არაა რომელიმე კანდიდატის ადგილმონაცვლეობა. ვის დანიშნავენ, ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტი იყოს, დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობას კი პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელიც, სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას" არ გააჩნია," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქ საპარლამენტო უმრავლესობის ასეთ კითხვას სვამენ - თუ პრეზიდენტისთვის პირველივე შემთხვევაში მიუღებელი იყო რომ კალანდარიშვილს დეპუტატების საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდა, მეორე ჯერზე რატომ დაუჭირა მხარი.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, პრეზიდენტი არ საუბრობს, რომ გიორგი კალანდარიშვილზე უკეთესები არიან წარდგენილი კანდიდატები.

"პრეზიდენტს უნდოდა ისეთი გადაწყვეტილება ეპოვა, რომლის გულისთვისაც ის თავიდან აირიდებდა ოპოზიციის შესაძლო კრიტიკას. ვფიქრობ, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს უმრავლესობის მხარდაჭერის მიღება გაუჭირდებათ. ვფიქრობ, ვითარება არის საკმაოდ ბუნდოვანი და სამწუხაროდ განცხადება, რომელიც ამის ასახსნელად პრეზიდენტმა გააკეთა, აბსოლუტურად არავითარი ნათელის შემტანი არ იქნება ამ ვითარებაში. აბსოლუტურად არალოგიკური და არადამაჯერებელია არგუმენტად იმის მოყვანა, რაკი ორჯერ ვერ აირჩა კვალიფიციური უმრავლესობით, აქედან გამომდინარე, სხვა გადაწყვეტილება უფრო სწორი იქნებაო, მით უმეტეს, პრეზიდენტი არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ კალანდარიშვილზე უკეთესები არიან კანდიდატები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი კი ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილის სახელი მისთვის კარგად და მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებულ არჩევნებთან ასოცირდება.

დღის ამბები