15 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"მიუღებელია იმ შეხვედრაზე ყოფნა, სადაც ჩემს კოლეგებს არ უშვებენ" - საიას ხელმძღვანელმა საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის სხდომა დატოვა

პროტესტი პარლამენტში - საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა "საიას" თავმჯდომარემ დატოვა. ნიკა სიმონიშვილმა ამის მიზეზად დაასახელა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რომლითაც "სამართლიან არჩევნებს" ჯგუფში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

უმრავლესობის დეპუტატმა და ჯგუფის ხელმძღვანელმა შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ ნეიტრალიტეტი დაკარგა. ეს ფაქტი სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში ხელისუფლების მხრიდან უხეშ ჩარევად შეფასდა.

"მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ "სამართლიანი არჩევნები" არ იყოს ამ ჯგუფში, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, გაუგებარი და აუხსნელია. მგონია, რომ ეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების უფლების შეზღუდვას და დევნას მისი აზრის გამო. იმის გამო, რომ ჩვენი ორგანიზაცია ხშირად არის ხოლმე კრიტიკული, შესაძლოა ესეც იყოს ერთ-ერთი მიზანი, რომ "პივიტისთან" დაკავშირებული შეცდომა, რომელიც ორგანიზაციამ, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე დაუშვა შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ "სამართლიანმა არჩევნებმა" ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა აიღო და შეიცვალა დირექტორი,"-აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადეობა არ უნდ დაემორჩილოს ხელისუფლების ნებას. 

"ჩვენი ორგანიზაციისთვის მიუღებელია იმ შეხვედრაში მონაწილეობა, იმ სამუშაო ფორმატში მონაწილეობა, სადაც დისკრიმინაციულად ეპყრობიან ჩვენს კოლეგა ორგანიზაციებს. მიუხედავად ხელისუფლების ამ პოზიციისა სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა დაემორჩილოს ხელისუფლების ნებას და ჩვენ უნდა წარგვედგინა სამართლიანი არჩევნები ამ პროცესში. ის რასაც ხელისუფლება აკეთებს არის პოლიტიკური დევნა და ცალსახა დისკრიმინაცია და მეორე არის ის, რომ ამ ყველაფრით ხელისუფლება ცდილობს პირდაპირ ჩაერიოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებში,"-აცხადებს ნიკა სიმონიშვილი. 

დღის ამბები