30 დეკემბერი 2024,   21:10
ვრცლად
სამუშაო ჯგუფი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობს - დეპუტატების განცხადებით, არსებობს საკითხები, რომლებზეც მხარეებმა პოზიციების დაახლოება შეძლეს

საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. კანონმდებლები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საარჩევნო რეფორმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. მმართველი პარტია და ოპოზიციის ნაწილი ერთმანეთს პოზიციებს უზიარებდნენ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაც.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა პირველია, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არ ესწრებიან. როგორც ცნობილია, მმართველმა პარტიამ "სამართლიანი არჩევნებს" პროცესში ჩართვაზე უარი უთხრა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ მათ მიერ წარდგენილი წინადადებები, მმართველი გუნდისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. გახარიას პარტიის წევრი ფიქრობს, რომ მსგავსი დამოკიდებულების გამო შესაძლოა საბოლოო შედეგი ფასადური ცვლილებები იყოს და არა ფუნდამენტური ცვლილებები, რომელსაც ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები ითვალისწინებს.

პარტია მოქალაქეებისთვის პრინციპული საკითხი საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის დროს ოპოზიციის როლის გაზრდაა. ლევან იოსელიანის თქმით, ისინი ითხოვენ, რომ კომისიაში ოპოზიციის გარეშე წევრები ვერ ინიშნებოდნენ. როგორც იოსელიანი ამბობს, დღევანდელ შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა და მსჯელობა მომავლისთვის გადაიდო.

პარტიების დაფინანსებისა და მათთვის სხვა პრინციპულ საკითხებზე ვერ შეთანხმდა ვერც "გირჩი".

იმ საკითხებზე, რაზეც დღეს სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა განმარტებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც. გივი მიქანაძის თქმით, რამდენიმე  საკითხზე, რომელიც  პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში განიხილეს. შეთანხმება შედგა, მათ შორისაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ჯარიმის გაზრდა და კომისიის წევრის შერჩევაზე დამატებითი რეგულაციის შემოღება. 

"საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევაზე დაწესდეს შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანი, ვისი შერჩევაც მოხდება, ბოლო ორი საერთო არჩევნების დროს არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.

ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე დღეს არსებული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობის გაორმაგდეს და გახდეს 4000 ლარი.

იმ  შემთხვევაში თუ შემაჯამებელ ოქმში ბათილი ბიულეტენებისა და სუბიექტებისთვის მიცემული ხმების ჯამს 5-ით აღემატება, არსებული ბიულეტენების რაოდენობა ან 10-ით ნაკლებია, ამ შემთხვევაში იმ უბნის გადათვლა განხორციელდება.

რაც შეეხება ელექტრონული საარჩევნო სისტემის შემოღებას, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს თავიანთი სურვილი, რომ ეს სისტემა დაინერგოს ქვეყანაში და პილოტური რეჟიმიდან გადავიდეთ ამ კონკრეტულ სისტემაზე. ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განვაცხადეთ, რომ ამ პროცესისთვის ჩვენ ვართ ღია," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ქართული ოცნების წევრის რატი იონათამიშვილის შეფასებით,  სამუშაო შეხვედრა არის საკმაოდ პროდუქტიული და ნაყოფიერი. ფაქტობრივად, ჩვენ ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეკომენდაციებით არის მოცემული, თანხმობა არსებობს. რატი იონათამიშვილის თქმით, კოლეგების მხრიდან დასმული იყო ისეთი საკითხებიც, რომლებიც არ ეხება არც ეუთო/ოდირის და არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ამიტომ მიზანშეწონილი არაა, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით იყოს განხილვა.

დღის ამბები