30 დეკემბერი 2024,   21:15
ვრცლად
რუსეთის ენერგეტიკული ომი ევროპასთან - რას აპირებენ ევროპელი მაღალჩინოსნები მასშტაბური ენერგოკრიზისის დასაძლევად

ევროპის ენერგომომავლის საკითხის გადასაწყვეტად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები უახლოეს მომავალში საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. იმსჯელებენ იმ საკითხზე, თუ როგორ გათბნენ ზამთარში და როგორი ენერგოტაქტიკით დაუპირისპირდნენ ვლადიმერ პუტინს - ეს ინფორმაცია ევროპული საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ევროპელი მაღალჩინოსნების შეკრების თარიღი ჯერ უცნობია.

ევროპის კავშირის ენერგეტიკის საბჭოს შეკრებამდე, კრემლი ენერგორესურსებით შანტაჟს განაგრძობს. კონტინენტი გასაჭირშია. 27 ქვეყნისგან შემდგარმა ბლოკმა რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტზე თავისი დამოკიდებულების შესამცირებლად ნაბიჯები გადადგა და გეგმაც წარადგინა, რომელიც წევრ ქვეყნებს გაზის მოხმარების 15 პროცენტით შემცირებისკენ მოუწოდებს. რუსეთი გერმანიას ბუნებრივ აირს ბალტიის ზღვის ფსკერით აწვდის.

ევროპა კი შეშფოთებულია იმის გამო, რომ საკვანძო მილსადენი ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით დაიხურება. მოსკოვმა ევროპის დასჯა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროკავშირმა უკრაინასთან ომის დაწყების გამო, რუსეთს სანქციები დაუწესა. ევროპაში კი ბოლო კვირაა ბუნებრივი გაზისა და ელექტრობის ფასის რეკორდული ზრდა ფიქსირდება.

ექსპერტების ვარაუდით, რუსული ენერგომატარებლებისგან სრულ გათავისუფლებას, სულ ცოტა 2 წელი მაინც დასჭირდება.

რუსული გაზსადენის ერთადერთი ალტერნატივა კი, თხევადი ბუნებრივი აირია, რომლის ტრანსპორტირება ტანკერებით ხდება. სპეციალისტების შეფასებით, კონტინენტი უარესი სცენარისთვის უნდა მოემზადოს. ევროპაში მთავარი სამზადისი მიწისქვეშა მარაგების შევსებაა, მაგრამ ასეთი შემცირებული მიწოდებით ევროპა ვერაფრით შეძლებს მიწისქვეშა საცავების შევსებას ოქტომბერ-ნოემბრამდე. ჯერჯერობით, გაზის საცავები 61%-ით არის შევსებული, თუ დარჩენილ სამ თვეში საცავები 80%-მდე არ შეივსება, გაზის ფასი, შესაძლოა, იმდენად გაიზარდოს, რომ ბაზრის კოლაფსი გამოიწვიოს. 

ყველაზე რთულ მდგომარეობაში ახლა გერმანიაა, სადაც რუსული გაზის 55 პროცენტი შედიოდა, თუმცა მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ორი პროცენტით შემცირდება. რუსეთს კი ამ დროს ნორვეგია ანაცვლებს და ბაზრის ლიდერი ხდება.

ევროკავშირის 27 ქვეყანა ახლა ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო სხდომის მოლოდინშია. სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ დაიცვან ცივი და მძიმე ზამთრის პირობებში საკუთარი 450 მილიონი მოქალაქე და როგორ გაუმკლავდნენ მსოფლიოს სიდიდით მეორე მასშტაბურ ენერგეტიკულ კრიზისს.

დღის ამბები