20 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
ალი და ნინოს ძეგლის დაზიანებაზე ბულვარის დირექტორი და კომპანიის წარმომადგენელი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ

ალი და ნინოს ძეგლის დაზიანებაზე ბულვარის დირექტორი და იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც დემონტაჟს ახორციელებდა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ. ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ დემონტაჟის დროს ბაგირის გაწყვეტის გამო ჩამოვარდა ძეგლი და დაზიანდა.

„გადაწყვეტილება მიღებული იქნა იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე შეექმნა ძეგლს, ზღვამ გამოუთხარა ძირი და საშიშროება დადგა იმისა, რომ ძეგლი ჩამოინგრეოდა. უსაფრთხოების ზომები იყო დაცული, უბრალოდ ტროსი გაწყდა და კედელს მიერტყა,“ - აცხადებს ბულვარის დირექტორი გიორგი ზირაქაშვილი.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც დემონტაჟს ახორციელებდა. ის კურიერთან ბაგირის გაწყვეტის ფაქტს არ ადასტურებს.

„ძეგლის დადების დროს სულ ოდნავ მიედო კედელს, დაზიანებული აქვს უმნიშვნელოდ ერთ-ერთი ფრთა, რომელიც დაახლოებით ერთ საათში იქნება აღდგენილი. დღეს დავიწყეთ დემონტაჟი და საღამოსთვის ის იქნება გადატანილი,“ - აცხადებს მამუკა ჟღენტი.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები