რუსი სამხედროები საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალს 500 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენთან ერთად, რომლის ნაწილსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსი სამხედროები აკონტროლებენ, მცოცავი ოკუპაციის გამო, საფრთხის წინაშე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ფუნქციონირებაც დგება.
„ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ვასილ ურუშაძე ამბობს, რომ საოკუპაციო ზოლის ავტომაგისტრალთან სიახლოვეს მოსკოვი ევროპასთან და თბილისთან ვაჭრობის მთავარ ბერკეტად იყენებს, საქართველოს ეკონომიკას კი, მილიონობით დოლარის ზარალს აყენებს. ექსპერტების თქმით, ეს კრემლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოზიციაა და ხელისუფლებას მაგისტრალის დასაცავად ქმედითი ზომების მიღებას ურჩევენ.
ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში და მცოცავი ოკუპაციის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.
ექსპერტები სამხედრო პოლიტიკური საფრთხის გარდა, შესაძლო ეკონომიკურ და საერთაშორისო პრობლემებზეც საუბრობენ.
ხელისუფლება კი ამბობს, რომ მცოცავ ოკუპაციას ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე აპროტესტებს, თუმცა, პროცესის შეჩერება უკვე ხუთი წელია ვერ ხერხდება. პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე თავის კოლეგას, გრიგორი კარასინს პარასკევს შეხვდება და როგორც თავად ამბობს, ამ საკითხს შეხვედრაზე აუცილებლად დააყენებს.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას დღეს რუსეთის საგარეო უწყება გამოხემაურა და ქართული მხარე ტყუილში დაადანაშაულა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ არავითარი ოკუპაცია და საზღვრის გადმოწევა გუშინ არ მომხდარა და რეალურად, მათ საქართველოს კუთვნილი 10 ჰექტარი არ მიუტაცებიათ.