დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, ევროკომისიას და ამერიკის ელჩს წერილით მიმართავს. სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში არაადამიანური მოპყრობა ელის.
არაადამიანურ მოპყრობასა და მძიმე განაჩენზე სურს, სწორედ, დემირელის კოლეჯის მენეჯერის უფლებათა დამცველს ქვეყნის პირველ პითან და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებთან შეხვედრა. სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს წამება ემუქრება და აცხადებს, რომ მისი ექსტრადირება არ უნდა მოხდეს.
„ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უარი უთხრა ბატონ ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოვილის სტატუსის მინიჭების შესახებ. პირველი არგუმენტი, როგორც მოისმინეთ, გახლდათ ის, რომ გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, თითქოს, მოიწონა თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2016 წელს. ეს ასე არ არის. სამინისტრო ჩვენ კი არ გვიპირისპირდება ამ შემთხვევაში და ჩვენს პოზიციას, არამედ უპირისპირდება „Amnesty International“-ის პოზიციას, ასევე, გაეროს. ამიტომ, უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი, რომ მას ურჩევია შეინარჩუნოს ღირსება თუ ურჩევია, იყოს ღირსება აყრილი,“ - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.
ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი აღნიშნავს, რომ ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევაში, მას თავის შვილებთან ერთად მოუწევს თურქეთში გამგზავრება და მისი განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე ჩაბუქისთვის ლტოლვის სტატუსის არ მინიჭებას, მაღალ პოლიტიკურ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებად მოიაზრებს. თამთა მიქელაძე არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ექსტრადიციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.
სახალხო დამცველი წარმომადგენელი, გვანცა ჩხაიძე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას შეისწავლის.
დემირელის კოლეჯის მენეჯერს და მის ოჯახს რამდენიმე დღის წინ დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა. უწყებამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში არაადამიანური მოპყრობის საფრთხე არ ემუქრება, რასაც, უწყების განცხადებით, ბოლო დროს თურქეთის ციხეებში ჩატარებული საერთაშორისო მონიტორინგიც ცხადყოფს.
დემირელის კოლეჯის მენეჯერს თურქული მხარე ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს. მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის განცხადებით, მუქარის შემცველ შეტყობინებებს სოციალურ ქსელში იღებს, რის გამოც, პროკურატურას დაცვის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა.
დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი უკვე ერთი თვეა, წინა საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. ქართულმა მხარემ ის თურქული მხარის მოთხოვნით დააკავა.