18 მაისი 2024,   09:16
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპარლამენტარებს რუსულ ოკუპაციასა და კონსტიტუციაზე ესაუბრა. მარგველაშვილი მათ ბათუმში შეხვდა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ვრცელი კომენტარი გააკეთეს. ანა გომესის თქმით, კონსტიტუცია ვერ გაამტკიცებს დემოკრატიას სანდოობითა და ლეგიტიმურობით თუ არ იქნება კონსენსუსი.

“გვესმის, რომ საკონსტიტუციო პროცესი მიზნად ისახავს დემოკრატიის განმტკიცებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს კონსენსუსი. კონსტიტუცია ვერ გაამტკიცებს დემოკრატიას სანდოობითა და ლეგიტიმურობით თუ არ იქნება კონსენსუსი არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაშიც. ჩვენი აზრით, უფრო მეტია სამუშაო იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს შეთანხმებული. რაც შეეხება აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს, ევროპარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება. ველით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიძიოს რა მოხდა, როგორ გაიტაცეს უცხო ქვეყნის მოქალაქე აქ, იყო თუ არა საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენლების მხრიდან უკანონო ჩარევა. ჩვენ აქ ძალიან ბევრი ევროპარლამენტარი ვართ. გვინდა სოლიდარობა გამოვხატოთ ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ არ ვცნობთ უკანონო ოკუპაციას, რომელსაც მამაცურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხი. ეს ოკუპაცია არასოდეს იქნება აღიარებული“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ანა გომესმა.

ასევე ევროპარლამენტარის რებეკა ჰარმსის თქმით, არასოდეს არის კარგი, როდესაც ხელისუფლება მოქმედებს დიდი უმრავლესობით პარლამენტში.

“განვიხილეთ ადამიანის უფლებების საკითხები, ასევე საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმა. ჩემი აზრით, ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, არასოდეს არის კარგი, როდესაც ხელისუფლება მოქმედებს დიდი უმრავლესობით პარლამენტში და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე. რაც შეეხება ოკუპაციას, გაყინული კონფლიქტების პრობლემა ჩვენთვის ევროპარლამენტში უფრო ცხადი გახდა 2014 წელს, მას შემდეგ, რაც ვხედავთ მიმდინარე ომს უკრაინაში და ყირიმის ოკუპაციას. ნათელი გახდა, რომ გრძელდება რუსეთის სტრატეგია რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევის. ჩემი აზრით, აუცილებელია რომ ევროკავშირმა მოძებნოს საერთო პასუხი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტის დასაცავად. ეს არ ნიშნავს, რომ ვფიქრობ სამხედრო გზით გადაჭრაზე, მაგრამ ჩემი აზრით ევროკავშირმა მეტად უნდა გამოიყენოს თავისი ეკონომიკური ძალაუფლება“ - აღნიშნა ჰარმსმა

პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას ამ საკითხებთან დაკავშირებით.

“ფუნდამენტური საკითხი გახლდათ ოკუპაციის საკითხი, რაზედაც იყო საუბარი და დიდი ინტერესი იყო სტუმრების მხრიდან. ასევე იყო საკონსტიტუციო პროცესზე საუბარი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთხელ, საქართველოს ხელისუფლებას, მის ყველა წარმომადგენელს ესმის ჩვენი ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ საკონსტიტუციო პროცესი აუცილებლად უნდა ემყარებოდეს დიალოგს. მცოცავ ანექსიაზე უარესი ქვეყანაში რა უნდა ხორციელდებოდეს, მართლაც წარმოუდგენელია. შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არსებობდეს თანხმობა ამ საკითხებზე, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.  

დღის ამბები