18 მაისი 2024,   08:49
ვრცლად
ოთარ კახიძის კითხვები ჩემ მიერ იქნა მოხსნილი - თეა წულუკიანი

საპროკურორო საბჭოზე იუსტიციის მინისტრმა და საბჭოს თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის მიერ გახმაურებულ საქმეებზე დასმული შეკითხვები მოხსნა.

წულუკიანის თქმით, მან ოპოზიციის წარმომადგენელს შეახსენა პროკურატურის შესახებ კანონის ის ნორმა, რომელიც მისი განცხადებით, კრძალავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე მთავარი პროკურორისთვის საპროკურორო საბჭოს ფარგლებში პასუხის მოთხოვნას.

„ბატონმა ოთარმა დასვა არც თუ ისე მწვავე ტონით, კონკრეტულ საქმეებზე კონკრეტული კითხვები, მაგრამ ეს კითხვები დაისვა მისი მხრიდან. ამის პასუხად მომიწია მისთვის შემეხსენებინა პროკურატურის შესახებ კანონის ის ნორმა, რომელიც მას ან არ ჰქონდა ნანახი, ან არ ახსოვდა, რომელიც პირდაპირ კრძალავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე მთავარი პროკურორისთვის საპროკურორო საბჭოს ფარგლებში პასუხის მოთხოვნას, აქედან გამომდინარე, მისი ეს კითხვები ჩემ მიერ, რომელიც გახლავართ საბჭოში თავმჯდომარე და მევალება კანონის თანახმად წავიყვანო ეს პროცესი, იქნა მოხსნილი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ოთარ კახიძის თქმით, გახმაურებულ საქმეებზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პროკურატურა პასუხს არ სცემს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები