არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ და თვითმმართველობის კოდექსზე ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ცვლილებები, რომელიც 12 თვითმმართველი ქალაქის ხუთამდე შემცირებას ითვალისწინებს, მიუღებელია და შეამცირებს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში.
„ეს არის დეცენტრალიზაციის საპირისპიროდ გადადგმული ნაბიჯი და ეს არ უწყობს ხელს თვითმმართველობის განვითარებას ქვეყანაში. ეს არგუმენტები შეიძლება წარმოადგენდეს საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ ვეტოს გამოყენებაც იყოს შესაბამისად დასაბუთებული,“ - განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
კოდექსის შემუშავებისას გამოვლენილ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციის იურისტები განმარტავენ, რომ პრეზიდენტს ვეტოსთვის არა ერთი არგუმენტი აქვს.
„ის პროცესები, რომელიც თვითმმართველობის დონეზე წარიმართა და ტერიტორიების ოპტიმიზაციასთან იყო დაკავშირებული, მოხდა მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ კონსულტაციებში არ ყოფილა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. მნიშვნელოვანია, რომ დასაბუთებულად წარადგინოს პრეზიდენტმა ვეტო და მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით იმსჯელოს პარლამენტმა,“ - აცხადებს „საია“-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი.