18 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
აქცია ფაშიზმის წინააღმდეგ და ე.წ. ქართველთა მარში - 2 აქცია აღმაშენებელზე

დღეს 20:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, ფაშიზმის წინააღმდეგ დაანონსებული აქცია ჩატარდება. პარალელურად იგეგმება „ქართველთა მარშის“ წარმომადგენელთა აქცია. „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და მათ შორის „ფაშისტებს.“

„დღეს ქართული საზოგადოება ძალიან მტკიცედ ეტყვის "არას" ფაშიზმს, რომელსაც ხელოვნურად ცდილობენ, რომ მოგვახვიონ თავს და დაგვაჯერონ, თითქოს ქართველობა არი ვიღაცის გაუპატიურების მუქარა და ძალადობა. ეს ჯგუფები იმართება რუსეთის მხრიდან, ეს ჯგუფები იკვებება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ყველაზე მთავარი არი საზოგადოების ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ეს არ არის საქართველო, მათ არ აქვთ ჩვენი სახელით საუბრის უფლება და საქართველო არის თავისუფალი, მშვიდობიანი, შემწყნარებელი ქვეყანა, სწორედ ამას ვიტყვით ჩვენ აღმაშენებლის გამზირზე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებს თბილისის მერიამ დღეს აცნობა, რომ მათ მიერ მოთხოვილ დროს აღმაშენებლის გამზირზე სხვა აქცია იმართება და თხოვა, რომ დემონსტრაცია სხვა ადგილზე ან დროს გადაეტანა, თუმცა, აქციის ორგანიზატორები ამ თხოვნის შესრულებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მერიას მათთვის ლოკაციის შეცვლის მოთხოვნის არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მერიას არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია იმისა, რომ ჩვენ აგვიკრძალოს აქციის ჩატარება. თუ დაგვარბევენ 7 ნოემბრის პიარზე მოსული ხელისუფლება, დაე დაგვარბიონ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „ეროვნულების“ თავმჯდომარემ, სანდრო ბრეგაძემ.

"ქართველთა მარშის" აქციის მონაწილეები აღმაშენებლის გამზირზე 18:00 საათიდან გეგმავენ შეკრებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები