"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია პროკურატურასთან. მოვაჭრეები და მეანაბრეები ამბის დროულ გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ერთ-ერთმა დაზარალებულმა შიმშილობა დაიწყო.
აქციაზე თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი და ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი იმყოფებოდნენ.
"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ხელისუფლებას დამნაშავეთა მფარველობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ობიექტების დაწვას კიდევ გეგმავს.
„შენობები გადაიწვა, ექსპერტიზის დასკვნები არ გვაქვს, ეს ადასტურებს, რომ ხელისუფლება ემზადება ახალი შენობების გადასაწვავად. ამას ფაშისტები აკეთებდნენ, როცა სოფლებს წვავდნენ და მეორე აკეთებს „ქართული ოცნება“, რომელმაც 11 ობიექტი გადაწვა. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველანი, ყველა წესიერი ადამიანი, რომ ის ადამიანები, ვინც მათ მფარველობენ, დასხდნენ საბრალდებო სკამზე და მთავარი პროკურორი უნდა მოშორდეს აქედან,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
"ბავშვთა სამყაროში" ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენაზე საუბრობს თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც. ელისაშვილი მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს.