საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონებზე მსჯელობას არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან. სხდომის დაწყებამდე მათ სპეციალური მიმართვა გაავრცელეს. ისინი საპარლამენტო უმრავლესობასა და პარლამენტის ყველა დეპუტატს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებას თხოვენ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა აზრით, თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმება დემოკრატიულ განვითარებას შეაფერხებს.
„ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი დემოკრატიის თვალსაზრისით, ის შეუმცირებს ადგილზე მოსახლეობას შესაძლებლობას, რომ აქტიურად იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, კოკა კიღურაძე კი აცხადებს, თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ხელისუფლება არც არასამთავრობო და არც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ითვალისწინებს.
„ხელისუფლება არის აბსოლუტურად მარტო ამ რეფორმის განხორციელების პროცესში. ამ ინსტრუმენტს, რომელსაც ჰქვია ადგილობრივი თვითმმართველობა, ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმა,“ - განაცხადა კოკა კიღურაძემ.