მთავრობის მეთაურის, გიორგი კვირიკაშვილის, გადაწყვეტილებით, აზიისა და აფრიკის ათ ქვეყანასთან რეადმისიების, იგივე უნებართვოდ მცხოვრებ პირთა უკან დაბრუნების, შესახებ მოლაპარაკებები იწყება. ეს 10 ქვეყანაა: ერაყი, ლიბანი, ავღანეთი, კამერუნი, კოტ-დივუარი, კონგო, გამბია, ტუნისი, სომალი და განა.
ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს განკარგულებები საეჭვოდ ემთხვევა ქსენოფობიურ აქციებს და ე.წ. ქართული მარშის მონაწილეთა მოთხოვნებს.
ხელისუფლება კავშირს ე.წ. ქართული მარშის მოთხოვნებთან უარყოფს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პროცესი რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და რეადმისიების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირთან შეთანხმებით აღებული ვალდებულებაა.
მთავრობაში აცხადებენ, რომ საკითხი ჯერ მხოლოდ ინიცირებულია და შეთანხმების მისაღწევად იმ 10 ქვეყნის მთავრობების თანხმობაცაა საჭირო.