მშენებლობაზე კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. დიდ დიღომში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნის მიხედვით, 27 წლის ახალგაზრდას გარდაცვალება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ გამოიწვია.
დასკვნას ინსპექტორები ძალოვან უწყებას გადასცემენ და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, დადგება თუ არა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი.
პროფკავშირების წარმომადგენლის, მარინა კურტანიძის, ინფორმაციით, გახშირებული უბედური შემთხვევები მშენებლობებზე დაუხვეწავი კანონმდებლობის ბრალია.
საქართველოს პროფესიული კავშირის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს მშენებლობაზე 9 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული მძიმედ დაშავდა. ამავე მონაცემებით, გასული ორი წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფის გამო, 122 მომუშავე გარდაიცვალა.
ამ პერიოდში საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 მათგანს შეეფარდა.