„სეკულარიზმი არის სფეროთა ურთიერთგამიჯნულობა,“ – ამის შესახებ განმარტება კანონიკური სამართლის სპეციალისტმა, თეოლოგმა ლადო ნარსიამ, არჩევანის ეთერში გააკეთა.
ის მიიჩნევს, რომ პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადება საქართველოში კლასიკური სეკულარული პრინციპების უადგილობის შესახებ, არაკომპეტენტურობის მანიშნებელია.
„საკუთარ თავს პრემიერი ავლენს, როგორც უკიდურესად არაკომპეტენტურს, მან რამდენიმე ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, დეფინიცია შემოგვთავაზა - ე.წ. კლასიკური სეკულარიზმის და კიდევ ერთი, ჩემთვის სრულიად ბუნდოვანი ჩანაწერი ამ განცხადების გახლავთ ის, რომ ერს გააჩნია განსაკუთრებული უნიკალური მოდელი ეკლესიასთან ურთიერთობის,“ - განაცხადა ლადო ნარსიამ.
მისი თქმით, თანამდებობის პირებმა ასეთ საკითხებზე უფრო მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოავლინონ.
ლადო ნარსია აღნიშნავს, რომ დღეს მთავრობა რელიგიის სააგენტოს პოლიტიკით განსაზღვრული საკითხები მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ეს საგანგაშოა.