18 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
დაკავებულია "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი

მთავარმა პროკურატურამ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი დააკავა. მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის და სამსახურებრივი გულგრილობის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა „ბაზრობა ნიუ მოლი“-ს მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია. 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

„საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ  დააკავეს. 
2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში მდებარე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილს (ე.წ. „ბაზრობა ნიუ მოლი“) ცეცხლი გაუჩნდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება „ბაზრობა ნიუ მოლი“-ს სრული ფართობის ნაწილში და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა „ბაზრობა ნიუ მოლი“-ს მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია. 
გ.მ. დაკავებული იქნა საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო მ.თ. საქართველოს სსკ-ის 2201მუხლის მეორე ნაწილით. დაკავებულ პირებს ბრალი საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარედგინებათ, რის შემდგომაც საქართველოს  პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართავს.“

დღის ამბები