18 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" დირექტორი დაკავებულია - მოვაჭრეები პროკურატურის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან

"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები ამ წუთებშიც რჩებიან მთავარ პროკურატურასთან. ისინი უკმაყოფილოები არიან პროკურატურის იმ გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც დაკავებულია მხოლოდ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. მათი თქმით, პროკურატურა არასწორად იძიებს საქმეს.

„ბავშვთა“ სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აცხადებენ, რომ აქციას არ შეწყვეტენ და ზარალის ანაზღაურებას მომავალშიც მოითხოვენ. მათი თქმით, ხანძრის დამკვეთებმა და შემსრულებლებმა პასუხი უნდა აგონ.

უფლებადამცველი მარიკა არევაძე აცხადებს, რომ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის და შიდა უსაფრთხოების ერთი თანამშრომლის დაკავება წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამბობს, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

ბავშთა სამყაროს დაზარალებულების აქციის პარალელურად, აქცია გამართეს გიორგი მაჭავარიანის მხარდამჭერებმა და აქციონერებმაც. ისინი „ბავშვთა სამყაროსთან“ შეიკრიბნენ და გიორგი მაჭავარიანის დაკავებას უსამართლოს უწოდებენ. მათი თქმით, თუკი ვინმემ დაუდევრობა ჩაიდინა და წესები დაარღვია, ეს სახელმწიფოა. 

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი მთავარმა პროკურატურამ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით აიყვანა. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ სწორედ უსაფრთხოების წესების დარღვევის და სამსახურებრივი გულგრილობის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა. დირექტორის გარდა, სამართალდამცველებმა დააკავეს ბავშვთა სამყაროს შიდა უსაფრთხოების ერთი თანამშრომელიც.

დღის ამბები