საქართველოში მოქმედი 24 არასამთავრობო ორგანიზაცია, შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს, საქართველოში ვიზიტის წინ, ღია წერილით მიმართავს.
ვრცელ წერილში, არასმთავრობო ორგანიზაციები მადლობას უხდიან შეერთებულ შტატებს, ქვეყნის დემოკრატიის მხარდაჭერისთვის და იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალს უგზავნიან, რაც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას საფრთხეს უქმნის.
„ბატონო ვიცე პრეზიდენტო, ამ წერილში ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე მწვავე პრობლემა გამოვყავით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ სისტემური პრობლემებისა, რომლებიც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკიდან და სახელმწიფო დაწესებულებებზე არაუფლებამოსილი პირების გავლენიდან მოდის.
"ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მმართველი ელიტის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ტენდენციები, რადგან ის მყიფე, თუმცა ფუნქციონირებადი ინსტიტუტების რღვევას იწვევს და თუ არ შეიცვალა, შესაძლებელია, პოლიტიკური პროცესების სრული პარალიზება გამოიწვიოს, რაც შემდგომ საფრთხეებს შეუქმნის სტაბილურობას და დაბრკოლებებს წარმოშობს საქართველოში ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის საკითხში,“ - ნათქვამია წერილში.
წერილის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ, როგორც საგარეო ფაქტორებზე, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე. მთავარი პრობლემების ჩამონათვალი კი ასეთია: საკონსტიტუციო ცვლილებების ერთპარტიულ რეჟიმში მიღება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არარსებობა, სამართალდამცველი და უსაფრთხოების სისტემების წარმომადგენელთა დაუსჯელობა და მედიაში, მათ შორის "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
„მიგვაჩნია პრობლემურად რიგი საკითხები, მათ შორის, ეს არის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი და საარჩევნო სისტემის გადავადება, რომელსაც ჩვენი აზრით, სერიოზული პოლიტიკური ჩიხის შექმნის დიდი რისკები აქვს, შესაძლო არის ამ საკონსტიტუციო რეფორმის ასე ერთპარტიულმა გადაწყვეტილებამ და კონსენსუსის გარეშე მიღებამ, გამოიწვიოს პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო პოლარიზება,“ - აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.
არასამთავრობოების შეფასებით, მსხვილი ნაციონალური მედიის წინააღმდეგ, სადაც ისმის კრიტიკული აზრი, ხელისუფლება ჩართულია მისი საკუთრების საკითხზე წარმოებულ სამართლებრივ პროცესში.
„სასამართლო დამოუკიდებლობის ნაწილშიც „რუსთავი2“ არის ერთ-ერთი საქმე სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, რომელიც აჩვენებს იმ უარყოფით ტენდენციებს, რომელიც ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემაში ფიქსირდება. რა თქმა უნდა, მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება მნიშვნელოვანი კომპონენტია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის და თანამშრომლობის,“ - განაცხადა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა.