აბაშელების თხილის ბაღებსა და სიმინდის ყანებს მავნებელი მწერი - "აზიური ფარვანა" შეესია. ადგილობრივები განადგურებულ მოსავალსა და ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ მწერი, რომელიც მოსავალს შეესია, სახლებშიც შედის. ადგილობრივების თქმით, მოსავლის განადგურებისა და არაერთი მიმართვის მიუხედავად, პრობლემით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება ამ დრომდე არ დაინტერესებულა. აბაშელებს მთავრობის დახმარების იმედი გადაწურული აქვთ. ყვებიან, რომ მწერის შემოსევის ფაქტი ადრეც იყო, თუმცა რეაგირება სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოსგან არც მაშინ მოყოლია.
აზიური ფარვანა საქართველოში პირველად გასულ წელს გამოჩნდა. მისი შეწამვლის ვალდებულება სურსათის უვნებლობის სამსახურს აქვს. ამისთვის ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან 13 მილიონი ლარია გამოყოფილი. მოსახლეობის პრეტენზიები გაუგებარია სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოსთვის. ზურაბ ლიპარტიას განმარტებით, დასავლეთ საქართველოში თხილის ნერგები მუდმივად იწამლება და წელსაც ასეთი უკვე 51 ათასი ჰექტარია. შეწამვლის მიუხედავად, რატომ ნადგურდება თხილის მოსავალი, უწყებაში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.
ხელისუფლება აბაშის რაიონის სოფელ კეთილნარში მცხოვრებლების დახმარებას ჯერჯერობით არ აპირებს. აქ ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენაც შუძლებელია, რადგან გლეხების ბედით, არც ადგილობრივი მთავრობა ინტერესდება. მოსავლის ნაწილის გადარჩენას ადგილობრივები წელსაც საკუთარი ძალებით შეეცდებიან.
ავტორი: ემა გოგოხია.