18 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
24 წელი სოხუმის დაცემიდან - პრეზიდენტმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. 11-დღიანი იერიშის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა ქალაქის აიღეს. ომი კი სოხუმის დაცემით დასრულდა.

სისხლიანმა დაპირისპირებამ საქართველოს ათასობით  მოქალაქე შეიწირა და 250 000ზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია.

ტრაგიკული თარიღის  აღსანიშნავად და ომში დაღუპულ მეომართა პატივსაცემად გმირთა მემორიალთან დღეს დილიდან მიდიან მათი თანამებრძოლები, ახლობლები, და პოლიტიკოსები.

გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტი მივიდა. გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად მემორიალი გვირგვინებით შეამკო.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას ოჯახის წევრს ეროვნული გმირის ორდენს გადასცემს.

გურამ გაბისკირია სოხუმის მერი იყო და ის გმირულად შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს.

გმირთა მოედანზე იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. მთავრობის წევრები გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

მათი განცხადებით, 24 წლის შემდეგ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოახერხოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ დღეს დაეცნენ გმირულად. მე მინდა პირველ რიგში მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც, მეუღლეები, დები და ძმები ამ სისხლიან დღეს დაეცნენ გმირულად. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები. დავიბრუნოთ ისინი მშვიდობიანი გზით,“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. გმირთა მემორიალთან მივიდა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც.

„დღე როდესაც ჩვენ ყველანი ვიკრიბებით და ვიხსენებთ იმ თავდადებას, იმ მსხვერპლს, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაიღეს ტერიტორიული მთლიანობისთვის, გაიღეს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა. მათი ღვაწლი და თავდადება სათანადოდ არის დაფასებული,“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა.

„ამ დღეების პერიოდში 93 წელს მე დავკარგე ოჯახის წევრები, დავკარგე მეგობრები, დაიკარგა აფხაზეთი, ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ქართულმა სახელმწიფომ ტერიტორიული მთლიანობისათვის და მე მინდა, რომ ეს მსხვერპლი არ იყოს ამაო,“-ამბობს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები