საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული მართლმსაჯულების თავისუფლების ინდექსი 24 პუნქტით დაეცა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისთვის გაუგებარია, რით იხელმძღვანელეს კვლევის ავტორებმა და რის საფუძველზე აჩვენა ქართულმა სასამართლომ დამოუკიდებლობის გაუარესებული მაჩვენებელი. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის დოკუმენტს და ერთ წელიწადში 24 პუნქტით გაუარესებულ მონაცემს არარეალურად მიიჩნევს.
საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევის შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. 24 პუნქტით გაუარესებული სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველომ 63-ე ადგილიდან წელს 87-ზე გადაინაცვლა.
მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის ნეგატიური შეფასება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის არაჯანსაღ კრიტიკასაც უკავშირდება.
ოპონენტები თვლიან, რომ სასამართლოს რეპუტაცია ხელისუფლების პოლიტიკური ნების გარეშე, ვერც ადგილობრივ და ვერც საერთშორისო დონეზე ვერ გაიზრდება.