18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
მნიშვნელოვანია, ჰააგის პროკურორმა დაინახოს ქართველთა წმენდა, რომელიც ჩატარდა 2008 წლის ომის დროს - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, "საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჰააგის პროკურორმა ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების შესახებ და ყველა დამნაშავე წარდგეს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე".

მინისტრის თქმით, 2008 წელს ადგილი ჰქონდა ქართველთა წმენდას და ქართველს სამხედრო ტყვეების წამებას და მკვლელობას.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ჰააგის  მნიშვნელოვანი ინსტიტუცია ხედავს საქართველოს იმ აქტივობას, რაც მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, რომ ქართველთა წმენდა, რომელიც ჩატარდა, ჩვენი აზრით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დაინახოს ასევე ჰააგის პროკურორმაც, მოაგროვოს მტკიცებულებები. მოაგროვოს მტკიცებულებები ასევე ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის  თითოეულ ინდივიდუალურ საქმეზე. მიაკვლიოს დამნაშავეებს და ისინი ჩვენ ვიხილოთ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ეს განცხადება თეა წულუკიანმა ჰააგის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ღია საზოგადოება-საქათველოს წარმომადგენელმა ჰააგაში, ნიკა ჯეირანაშვილმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სტრატეგია, ხედვა ამ გამოძიების მიმართ.

„სახელმწიფოს შეუძლია, მოახდინოს საკმაოდ ბევრი საკითხების ადვოკატირება. პირველ რიგში აუხსნას სასამართლოს, რა ქვეყანაა, რა რეგიონია, რა პრობლემები,“ - განაცხადა ჯეირანაშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოს ამ მიმართულებით ამ ინფორმაციის ნაკლებობა აქვს.

ჰააგას დელეგაცია საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თბილისში წარმომადგენლობით ოფისს იანვარში გახსნის. 

დღის ამბები