ვინ შეცვლის უჩა ნანუაშვილს? "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი სახალხო დამცველის პოსტზე ნანუაშვილს მეორე ვადით აღარ წარადგენს და მის შემცვლელზე „ოცნებაში“ უკვე მსჯელობენ.
გავრცელებული ინფორმაციით „ქართულ ოცნებას“ ორი კანდიდატიც ჰყავს შერჩეული. ერთს პარლამენტი ლობირებს, მეორეს კი საქართველოს მთავრობა. ესენი არიან: პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - სოფო ჯაფარიძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.
უჩა ნანუაშვილის მეორე ვადით წარდგენა მმართველმა პარტიამ სავარაუდოდ სახალხო დამცველის ხისტი მოსაზრებების გამო გადაიფიქრა. ბოლო პერიოდში ის აქტიურად უპირისპირდებოდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ბოლოს ქვეყნის პირველმა პოლიციელმა ომბუდსმენს კრიმინალების მფარველობაშიც დასდო ბრალი.