დაგროვებითი პენსია საქართველოს მოქალაქეთა ნაწილისათვის შესაძლებელია, სავალდებულო გახდეს. რეფორმაზე მთავრობა მუშაობს. კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე უნდა შევიდეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით, საპენსიო რეფორმა ჩაერთვება მომავალი წლის მესამე კვარტალიდან.
გახარიას თქმით, დღეის მდგომარეობით, მოდელი არის 2+2+2 და გარკვეული სეგმენტისთვის არის სავალდებულო. მისივე განცხადებით, ეს არის საწყისი მოდელი.
„განხილვები რისთვის არის? განხილვები იმისთვის არის, რომ გარკვეული ცვლილებები შეიძლება, შევიდეს,“ - განაცხადა გახარიამ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე, აცხადებს, რომ ახალი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს დაგროვებით პრინციპს, იძლევა იმის საშუალებას, რომ დამქირავებელმა, დაქირავებულმა, სახელმწიფომაც მიიღოს მონაწილეობა მოქალაქის სიბერის უზრუნველყოფაში.