პროკურატურის გადაწყვეტილებას, ხელახლა გამოიძიოს ტერაქტების საქმე, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ ოპოზიციაში, სადაც თვლიან, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება რუსეთის პოზიციებს ამყარებს.
„ბორისოვის ჯგუფი არის ბოლო ჯგუფი, რომელიც იმყოფება საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელიც დაკავშირებულია რუსულ სპეცსამსახურებთან. ყველა სხვა უკვე გამოუშვეს სხვადასხვა მიზეზით. 2012-შიც სცადეს მათი გამოშვებაც, მაგრამ წააწყდნენ ძალიან მკაცრ საერთაშორისო რეაქციას და თავი შეიკავეს,“ - განმარტავს საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დამფუძნებელი შოთა უტიაშვილი.
განცხადება ამავე თემაზე გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ. ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა ქართული მართლმსაჯულების რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს.
„პოლიტიზირებულმა პროკურატურამ უკვე გაათავისუფლა ციხიდან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული პირები. გაათავისუფლა პოლიტპატიმრის სტატუსით ამბოხებული ოთანაძე,“ აცხადებს კახიძე.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი კი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება და მისი ძალოვანი უწყებები რუსეთის ინტერესებით მოქმედებენ. ზაზა ბიბილაშვილმა ე.წ. პოლიტპატიმართა სიის შედგენა გაიხსენა და შემდგომ ამ ადამიანების გათავისუფლება.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტების მოწყობის ბრალდებით გასამართლებული 12 პირის საქმეს პროკურატურა ხელახლა იძიებს. საუბარია ამერიკის საელჩოსთან, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან და კიდევ რამდენიმე ადგილას განხორციელებულ აფეთქებებზე, რის გამოც სასჯელს დღეს 12 მსჯავრდებული იხდის. პროკურატურაში მხოლოდ "შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ დაადასტურეს, რომ ტერაქტების საქმეს ხელახლა იძიებენ. მსჯავრდებულები სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშიც სცნო დამნაშავედ.