ჩანგრეული გზები და დატბორილი სახლები - იმერეთში სტიქიას ებრძვიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხარაგაულის რაიონში. სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე გადაადგილება გართულებულია. აღდგენითი სამუშაოები კი, უამინდობის გამო ვერ იწყება.
მდინარე ჩხერიმელას ადიდების შედეგად, წყალმა სოფლის გზის დიდი ნაწილი წაიღო, რომელიც ცენტრალურ გზას და ხარაგაულს აკავშირებს.
„უკვე მეორე დღეა კრიტიკული სიტუაცია გვაქვს. არ შეიძლება გზის ფუნქციონირება. ჩაწეულია ძალიან მიწა, ნაწილი უკვე წაღებული აქვს წყალს, თუმცა საგზაო დეპარტამენტი ყურადღებას აქცევს და ალბათ, როგორც კი დაიწევს წყლის დონე, დაიწყება სარემონტო სამუშაოები. ასავლელი გზა არსებობს და სოფელი არ არის მოწყვეტილი, ჩვეულებრივად ფუნქციონირებს ის გზა,“ - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის გიორგი დოღონაძის განცხადებით, ადგილზე საპროექტო ჯგუფს ელოდებიან, რათა გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს.