18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ოპოზიცია არასამთავრობოებს მოუწოდებს, ომბუდსმენის საკუთარი კანდიდატურა დაასახელონ

ვინ შეცვლის უჩა ნანუაშვილს, სახალხო დამცველის პოსტზე? მოქმედ ომბუდსმენს ვადა დეკემბერში ეწურება. ახალი კანდიდატურის შერჩევაში არ მონაწილეობს არასამთავრობო სექტორი, გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი სავარაუდოდ, ერთპარტიულ რეჟიმში მიიღებს.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ უჩა ნანუაშვილი, რომელიც ხელისუფლებას ხმამაღალი განცხადებებით დისკომფორტს უქმნის, ხელისუფლების მორჩილი კანდიდატურით შეიცვლება. ამიტომ, საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, რომ დაასახელონ საკუთარი კანდიდატი.

„ვფიქრობ, რომ ნებისმიერი კანდიდატურა, რომელსაც დაასახელებს მმართველი გუნდი და შემდეგ საკუთარი დიდი უპირატესობით პარლამენტში დაამტკიცებს, ვერ ისარგებლებს იმ ნდობით, როგორითაც შეიძლება ისარგებლოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა. ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ განიხილონ ასეთი შესაძლებლობა, დაასახელონ სწორედ საკუთარი კანდიდატი,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ თავად კანდიდატისთვისაც კი, რომელსაც აირჩევს და მხარს დაუჭერს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმაცია.

„ნებისმიერმა ხელისუფლებამ არა თუ აზრი უნდა ჰკითხოს არასამთავრობო სექტორს ამ მიმართულებით, ასევე კარგი იქნება ზოგადად თუ დეტალურ კონსულტაციებსაც გამართავენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც ინტერესი გააჩნიათ მომდევნო ომბუდსმენის მიმართ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა.

უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნის 4 წლიანი ვადა დეკემბერში ეწურება. მისი შემცვლელი მმართველმა გუნდმა ნოემბრის ბოლომდე უნდა დაასახელოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები