არასამთავრობო ორგანიზაციები სავარაუდოდ, სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტს საკუთარ კანდიდატს შესთავაზებენ. ამის შესახებ განცხადება „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა, რომელიც აღნიშნულთან მიმართებაში საპარლამენტო ოპოზიციის მოწოდებას გამოეხმაურა. დეპუტატებმა დღეს მესამე სექტორს მოუწოდეს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელონ რადგან, მათი შეფასებით, ის პირი, რომელსაც წარადგენს მმართველი გუნდი, ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით.
როგორც ეკა გიგაურმა განაცხადა, არასამთავრობო სექტორს კონსულტაციები ამ თემაზე პოლიტიკური დისკუსიის დაწყებამდე გაცილებით ადრე ჰქონდა გამართული. შესაბამისად, გიგაურის თქმით, უახლოეს პერიოდში არ არის გამორიცხული, რომ მესამე სექტორმა საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს პარლამენტს.
ის ასევე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ნორმა და კომპეტენცია, რომელიც ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელების პრეცედენტს, არ არსებობს.
არასამთავრობო სექტორი მმართველ გუნდს საერთაშორისო ვალდებულებებს ახსენებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს აღებული აქვს, თუნდაც იმ დეკლარაციაზე ხელმოწერით, რაც ღია პარლამენტს გულისხმობს და რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამოქალაქო სექტორის აზრი უნდა იქნას გათვალისწინებული.
„ცხადია, ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველს ჩვენ უნდა მივცეთ ხმა. ნამდვილად ვიცით ჩვენი უფლებები, თუმცა მეორეს მხრივ, თუ კი პარლამენტის მიზანია, რომ გამჭირვალედ წარმართოს პროცესი, ამ პროცესში ჩართოს სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნის 4 წლიანი ვადა დეკემბერში ეწურება. მისი შემცვლელი მმართველმა გუნდმა ნოემბრის ბოლომდე უნდა დაასახელოს.