„მე ვთვლი, რომ ეს იყო შეთქმულება არა მარტო ჩემს წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა მეუფე დიმიტრიმ, მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ გააკეთა.
მეუფე დიმიტრი დეკანოზ მამალაძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ესაუბრა. ციხიდან გამოსულმა მეუფემ, შეხვედრის დეტალები ჟურნალისტებს გააცნო. მან დეკანოზის მდგომარეობაზე, და ე.წ. ციანიდის საქმის დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ე.წ. ციანიდი საქმე მისი და პატრიარქის მიმართ განხორციელებული შეთქმულებაა.
„მამა გიორგი არის ისევ თავის აზრზე, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ. ჩვენ ამაზე საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. მე ვთვლი, რომ ეს იყო შეთქმულება არა მარტო ჩემს წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ და ის, ვინც ეს ყველაფერი შეთხზა, ის არის ძალიან ბოროტი ადამიანი, იმიტომ რომ ამას ვერ მოიფიქრებდა ვერავინ. ჩემს საკუთარ გამზრდელთან, ბიძასთან, პატრიარქთან და ა.შ. ამ ამბოხში თუ წინააღმდეგობაში ჩართულობაში, თავის აზრზე, რომ ეს მას მოუწყვეს და ეს მოუწყო ადამიანების იმ ჯგუფმა, ვისაც ის ყოველთვის ასახლებდა და აცხადებს, რომ ეს შორენა თეთრუაშვილისგან ჰქონდა ეს შეკვეთა მას,“ - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მეუფე აქვე აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძემ შეხვედრაზე მას ბოდიშიც მოუხადა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ჩააყენა.
„მან ბოდიშიც მოიხადა, რომ ბევრ საკითხებს შენთან არ ვათანხმებდი. მე ვკითხე მას, რომ თუ შორენამ შეგიკვეთა და თუ მე ვთვლი შენს მოძღვრად, რატომ არ მოხვედი და არ ჩამაყენე საქმის კურსში? რაზეც თქვა, რომ ეს იყო ჩემი შეცდომაო,“ - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
სასულიერო პირის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.
„უშუალოდ ციანიდთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არ ჰქონდა მას ციანიდი და მე მაშინ აღვნიშნე, რომ ეს ვერ დაადასტურა, რომ მან ნამდვილად შეიძინა ციანიდი. მე ეს თავის დროზე პროკურორებსაც მოვახსენე, რომ საზოგადოებაში არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ყველაზე მეტად, თუ ვინმეს უნდა, რომ მამა გიორგი გამართლდეს და უდანაშაულო დარჩეს, ერთ-ერთი მე ვარ,“ - აცხადებს მეუფე დიმიტრი.
შეგახსენებ, რომ მამა გიორგი მამალაძე, 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ პირველად, მეუფე დიმიტრის შეხვდა. დეკანოზი მეუფესთან შეხვედრას დაკავების დღიდან ითხოვდა.