პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა ნუცუბიძის ფერდობზე და რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი. ძიება გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის მოსპობის მუხლითაა დაწყებული. ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას საპატრულო ეკიპაჟი ხელბორკილებს ადებდა.
თვითმხილველების განცხადებით, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომლიდან ერთ-ერთმა მეწყვილეს უთხრა, რომ მისი დაკავების ოპერაცია შეეწყვიტათ, თუმცა მან არ გაითვალისწინა. გარდაცვლილის მეზობლები „კურიერთან“ საუბრისას ამბობენ, რომ მამაკაცი უცბად გახდა ცუდად და ის ფაქტობრივად პატრულს ჩააკვდა ხელში.
ადგილობრივებისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოიძახა საპატრულო პოლიციამ სასწრაფო დახმარება, მაშინ როდესაც 32 წლის პაატა პავლიაშვილი მათ ეუბნებოდა, რომ ცუდად იყო.
გუშინვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ირიბად გაკეთდა მინიშნებები გარდაცვლილის ნარკო და ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ.
გარდაცვლილის ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულებაზე საუბრობს ერთ-ერთი მეზობელიც. უწყების ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახა.