"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" დამფუძნებელი პოლიციის მხრიდან ძალის სავარაუდო გადამეტებაზე საუბრობს. ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს. მისი განმარტებით, მომხდარი დროულად უნდა იქნას გამოძიებული, რათა სამართალდამცველებში დაუსჯელობის სინდრომი არ გაჩნდეს.
“მათ პრაქტიკულად გარდაცვლილი ადამიანს გადააბრალეს მისი გარდაცვალება და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და არაკომპეტენტური ქმედება, კონკრეტულ შემთხვევაში, რასაც მოჰყვა გარდაცვალება შინაგან საქმეთა სამინისტრო უსინდისოდ შეეცადა გარდაცვლილი ადამიანისთვის ჩირქის მოცხებით და მისთვის ყველაფრის გადაბრალებით გამოეძვრინა საკუთარი თავი. სამინისტროს თანამშრომლებს ჰქონდათ ვალდებულება დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ დაკავების ოპერაცია იმ მომენტში, როდესაც ადამიანი გახდა ცუდად, გამოეძახებინათ სასწრაფო და თუ საჭირო იქნებოდა გადაეყვანათ პიროვნება საავადმყოფოში,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ქუჩაზე პატრულის დაკავების ოპერაციის დროს, თბილისში ერთი პირი გარდაიცვალა.