18 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
ხახუბიას საქმე - ბრალდებული პოლიციელების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ხახუბია გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს

ხახუბიას საქმეში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე, გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის განცხადებას ეხმურება.

რაჟდენ კუპრაშვილმა გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ პრეისტორია, რომელიც ვრცელდება ხახუბიას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მის დაკავებასთან დაკავშირებით, არის სიცრუე.

ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ ის მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ბექა ხახუბია, მეუღლესთან ერთად, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაადგილდებოდა თბილისში. ამ დროს ავტომანქანას მართავდა მისი მეუღლე, რომელიც საპატრულო პოლიციამ გააჩერა და დააჯარიმა. პატრულის ამ ქმედებას, ადვოკატის თქმით, მოჰყვა ბექა ხახუბიას მხრიდან პროტესტი, რაც საპატრულო პოლიციის მხრიდან მიჩნეული იქნა წინააღმდეგობის გაწევად.

ნოდარ ცინცაძის განცხადებით, არსებობს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ ბექა ხახუბია დაკავებულ იქნა. ის ცნობილი იქნა  სამართალდამრღვევად და საქმის წარმოება შეწყდა მისი გარდაცვალების გამო.

ადვოკატის ინფორმაციით, არსებობს ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ მართლაც მოხდა თბილისში ბექა ხახუბიას დაკავება.

ადვოკატი მოითხოვს, რომ სასამართლო სხდომებზე დაიკითხოს ის პატრულ-ინსპექტორი, ვინც თბილისში ბექა ხახუბია დააკავა.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, ადვოკატი აცხადებს, რომ გზის გადაკვეთის თაობაზე გადაწყვეტილება ათმეთაურმა მიიღო. ევაკუატორის მძღოლი კი, რომელიც ნოდარ ცინცაძის თქმით, აცხადებს, რომ გვირაბიდან ჩანდა პატრულის მანქანის ციმციმა და შესაძლო იყო შორიდან ტრაილერის დანახვა. 

თბილისის ინციდენტზე საუბრობს დაკავებული საპატრულო პოლიციელების კიდევ ერთი ადვოკატი.

თამარ აბესაძე ამბობს, რომ თავად გარდაცვლილის ძმა საუბრობს, რომ მას ბექა ხახუბიას მეუღლემ უთხრა, რომ დააკავეს და ბორკილები დაადეს.

"თავად გარდაცვლილის ძმა, რომელიც დაიკითხა სასამართლოში, იმ სამხრე კამერის ჩანაწერებში ამბობს, რომ მე გავაშვებინე," - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია, ნასვამ მდგომარეობაში, ავტომობილით თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

პატრულმა მას მანქანის გაჩერება მოსთხოვა, მაგრამ ხახუბია მოთხოვნას არ დაემორჩილა და გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით. ხაშურში წრიული მოძრაობით მანქანა შემოაბრუნა და ისევ თბილისისკენ წამოვიდა.

გორის გვირაბის გასასვლელში პოლიციის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანით გზა გადაკეტა.  დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში პატრულის თანამშრომლებს ადანაშაულებენ. 

დღის ამბები