ვანო მერაბიშვილმა შესაძლოა, მალე საპატიმრო დატოვოს. ყოფილი პრემიერმინისტრის ადვოკატი „კურიერის“ უყვება, რომ მერაბიშვილს ჯამში 6 წელი და 9 თვე აქვს მისჯილი, საპატიმროში კი 4 წელი და 5 თვე უკვე გაატარა. მერაბიშვილის ინტერესების დამცველის განცხადებით, მოხდილი სასჯელი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას ავალდებულებს, ექსპრემიერის საქმეს გადახედოს და მისი საპატიმროდან გათავისუფლებაზე იმსჯელოს.
საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს სასჯელაღსრულების სამინისტრო. კახი კახიშვილის უწყებაში ამბობენ, რომ მერაბიშვილს საკმარისი სასჯელი არ მოუხდია იმისთვის, რომ ექსპრემიერის საკითხზე ე.წ. უდოს კომისიამ იმსჯელოს.
მერაბიშვილის ადვოკატის მტკიცებით, ხელისუფლებას უახლოეს მომავალში ექსპრემიერის გათავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, რადგან დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ელოდება.
ოპოზიციის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებაში აუცილებლად ჩაერევა და ამის მიზანი, სტრასბურგში ხელისუფლების გამამტყუნებელ გადაწყვეტილებაზე დასწრებაა.
„ქართული ოცნების" საპარლამენტო ლიდერები კი ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერის გათავისუფლების საკითხი ე.წ. უდოს კომისიის გადასაწყვეტია.
ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 20 მაისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ჰქონდა წაყენებული - ამომრჩევლების მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ყოფილი პრემიერი რამდენიმე საქმეზე იხდის სასჯელს: „აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე, სანდრო გირგვლიანის საქმე, 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევა, მითვისება-გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა, ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების საქმე.