20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ბექა ხახუბიას საქმე - სასამართლოს სამედიცინო ექსპერტის თქმით, ბექა ხახუბიას სისხლში ალკოჰოლის შემცველობა იყო

ბექა ხახუბიას საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს წინაშე დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. ერთი მათგანი სასამართლო ექსპერტია, ხოლო მეორე - ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველი.

სასამართლომ უნდა დაადგინოს, გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას პატრულ-ინსპექტორებმა, როდესაც ბექა ხახუბიას დევნის დროს ჩქაროსნული მაგისტრალი ტრაილერით გადაკეტეს, რასაც ხახუბიას გარდაცვალება მოყვა.

ადვოკატი, თამარ აბესაძე აცხადებს, რომ ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ბექა ხახუბია ნასვამი მართავდა მანქანას.

„ექსპერტი, რომელიც დაიკითხა მოწმედ, მან დაადასტურა, რომ გარდაცვლილი ბექა ხახუბიას სისხლში აღმოჩნდა პრომილის, ეთილის სპირტი, 1.46 პროცენტი,“ - განაცხადა თამარ აბესაძემ.

ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ბექა ხახუბიას შეჯახებამდე ჩაძინებოდა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოგიკა, რომელსაც მე ვფიქრობ ყოველთვის, რა შეიძლება მომხდარიყო, რატომ არ შეიძლება, დამორჩილებოდა. ყველა მძღოლი, ვინც დღემდე დაიკითხა, ყველამ თქვა, რომ გვირაბიდან გამოსვლისთანავე დაინახეს საპატრულო პოლიცია და ყველამ გამოსვლისთანავე დაიწყო გაჩერება და ყველამ გააჩერა. რატომ არ შეიძლებოდა, გაეჩერებინა ბექა ხახუბიას, მე უკვე დამატებითი კითხვები გამიჩნდა,“ - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

პროკურორი, დავით ყარალაშვილი აღნიშნავს, რომ დაცვის მხრიდან ამ არგუმენტის დასახელება ფაქტების დამახინჯებას ემსახურება. პროკურორის თქმით, მეორე მოწმის, თვითმხილველის მიერ მიცემული ჩვენება საქმის სხვა მასალებთან სრულ თანხვედრაშია.

გორის რაიონულ სასამართლოში ხახუბიას საქმის განხილვა 15 ნოემბერს ბრალდების მხარეების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

დღის ამბები