იუსტიციის საბჭოს სხდომა დღეს ურთიერთბრალდებების და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საბჭოს რამდენიმე წევრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან კონკრეტული განმარტებები მოითხოვა. საუბარია 34 მოსამართლის უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ნინო გვენეტაძე ხელს არ აწერს. სასამართლო სისტემის ხელმძღვანელის კოლეგები დღეს მიზეზების გარკვევას ცდილობდნენ. მათ გვენეტაძე უფლებამოსილების შეუსრულებლობაში ღიად დაადანაშაულეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ კი იუსტიციის საბჭოს წევრები ძალადობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა და სხდომა პროტესტის ნიშნად დასრულებულად გამოაცხადა. მან თქვა, რომ ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დღეს დაისვა პასუხს წერილობით გასცემს კოლეგებს, რადგან რადგან ამ სხდომაზე აღარ შერჩა რესურსი სიტყვიერი განმარტებები აკეთოს.