ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით. ეს განცხადება გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს მოჰყვა, რომელსაც "კონფლიქტი საქართველოში" ქვია. აღნიშნულ განცხადება შეაფასა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა იან კელიმ. მისი თქმით, აღნიშნული ანგარიში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს პრობლემას.
”ჩვენ მივესალმებით ევროსაბჭოს ანგარიშს. აშშ შეშფოთებულია იმ სიტუაციით და ფაქტებით, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, როგორიც არის მაგალითად გამშვები პუნქტების დახურვა, ასევე იმ პირების უკანონო დაკავება, ვინც ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს და ა.შ. ამიტომ ეს ანგარიშიც და საერთოდ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნულ პრობლემას და გაზრდის საკითხის ცნობადობას მისასალმებელია,“ - განაცხადა კელიმ.
"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, ევროპული კვლევების დირექტორის გიორგი რუხაძის თქმით, ანგარიშში საუბარია კონფლიქტებზე საქართველოში და არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
“თავისთავად ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია იქედან გამომდინარე, რომ მთელი სიცხადით ასახავს იმ რეალობას, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თავად ანგარიში მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ მწვავეა, საუბარია კონფლიქტებზე საქართველოში და არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს ხელისუფლებამ და ზოგადად დიპლომატიურმა მანქანამ უფრო მეტი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ასეთ დოკუმენტებში მოხვდეს ოკუპირებული ტერიტორია, ბევრჯერ იყოს ნახსენები რუსული ოკუპაცია და ნაკლები საუბარი იყოს კონფლიქტებზე,“ - აღნიშნა რუხაძემ.