"როგორც იქნა, გადმომცეს ჩემი შვილი ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა, არა როგორც მოზარდი, არამედ, გეგონება ბანდეროლი იყო,"-ეს განცხადება ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, სანამ აეროპორტში იმყოფებოდა, მგზავრებისგან კანონის დარღვევის ბევრი ისტორია მოისმინა და მხოლოდ მას რომ შეხებოდა მსგავსი უკანონობა, ასე საჯაროდ არ განაცხადებდა.
მანამდე მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. სააკაშვილის თქმით, მისი 11 წლის შვილი ნიკოლოზ სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი დაცვასთან ერთად, კიევის საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდა, თუმცა უკრაინელმა მესაზღვრეებმა დაცვის წევრი ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო ნიკოლოზ სააკაშვილის ადგილსამყოფელი კი უცნობი იყო.