20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულო დღეს პირველ სხდომას მართავს

პირველ სხდომას მართავს დღეს თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულო. კანონის მიხედვით, ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. დღესვე დამტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა, პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები – მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

გიორგი ტყემალაძის განმარტებით, ერთ-ერთი პირველი განსახილველი საკითხი იქნება თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი, ასევე მერის მხრიდან იქნება წარდგენილი თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური პროგრამა, რომელიც იქნა წინასაარჩევნოდ წარდგენილი,“ - განაცხადა ტყემალაძემ. 

ცვლილებებია საკრებულოს კომისიებშიც. ადამიანის უფლებების დაცვის კომისია გაერთიანდება იურიდიულ საკითხთა კომისიასთან, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.

თბილისის საკრებულოს არჩეული დეპუტატის ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გოკა გაბაშვილის თქმით, ოპოზიცია შეეცდება საკრებულოში დააყენონ ყველა ის ინიციატივა, რომელიც თბილისელებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, სამუშაო ადგილების, სოციალური საკითხები, ქალაქის გარემოს გაუმჯობესების თემა, ანუ ყველა ის საკითხო, რომელიც იყო მათ წინასაარჩევნო კამანიაში. 

„რაც მთავარია ვაკონტროლოთ თბილისის ხელისუფლება, რომ არაფერი არ გაკეთდეს თბილისელების ზურგს უკან,“ - აღნიშნა გაბაშვილმა. 

თბილისის საკრებულოს არჩეული დეპუტატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მთავარია საკრებულომ შეასრულოს ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც არის საკრებულოს მიერ მერიის კონტროლი და მისი რეალური ოპონირება.

„რათა არ იქცეს ნოტარიუსად და ბიძინა ივანიშვილის კლანის ყველა ინტერსები დააკმაყოფილოს, როგორც იყო წინა შემთხვევაში, როდესაც 1 ლარად რიგდებოდა თბილისელების ქონება და როდესაც საკრებულო იყო არა თბილისელების ინტერესების, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების კბილებით დამცველი,“ - აცხადებს ნადირაძე. 

 

დღის ამბები