ევროკავშირის მუდმივმოქმედი ელჩები დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მისაღები დეკლარაციის ტექსტზე იმსჯელებენ. ეს იქნება სამიტამდე დიპლომატების ბოლოს შეხვედრა. პარალელურად, დღესვე ევროპელი კანონმდებლები ამავე თემაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს, რომელზეც დებატები გუშინ გვიანობამდე მიმდინარეობდა.
დებატებში მონაწილე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლას. გამომსვლელებმა რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მნიშვენლოვან პროგრესს გაუსვეს ხაზი.
პარლამენტარებს სურთ, რომ სამიტის დეკლარაციაში საუბარი იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობა პლიუსზე, ასოცირებული სახელმწიფოების ევროპულ მისწრაფებასა და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კურსია. ჩვენ უნდა ვუზრუნველჰყოთ, რომ ის ეფექტური და შედეგის მომტანი იყოს. ბრიუსელის სამიტი მომავალზე უნდა იყოს გათვლილი, უნდა შეიტანოს ახალი დინამიკა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, თუკი სამიტზე სიახლეები სიმცირე იქნება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია გაუმკლავდეს მის წინაშე არსებული გამოწვევებს. ჩვენს რეკომენდაციებში ევროკავშირს კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას ვთავაზობთ. ვფიქრობ, პარტნიორების მიმართ დიფერენცირებული მიდგომაა საჭირო. უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით – გააკეთე მეტი და მიიღე მეტი,"- განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა, ლაიმა ანდრიაკინემ.
კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში.
"ჩვენს პარტნიორებს რეფორმების გატარებისას მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობა და ჩვენ არ ვუადვილებთ მათ ამოცანას. მე მოვუწოდებ სამიტს, დავაფასოთ მათი დემოკრატიისკენ მისწრაფება, დავტოვოთ ევროკავშირის კარი ღია. პუტინი მუშაობს, რომ ამ ქვეყნების მიერ მიღებულ თავისუფალ გადაწყვეტილებებს წინ აღუდგეს. ამ ქვეყნებს ოკუპაციისა და ანექსიის, ასევე ეგრედ წოდებული "გაყინული კონფლიქტების" გადაწყვეტის საკითხში უნდა დავეხმაროთ და პუტინის შეტევისთვბის წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მივცეთ,"- განაცხადა რებეკა ჰარმსმა.
ევროპარლამენტარი იანუშ კორვინ-მიკკე კი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებულ კორუფციაზე ამახვილებს ყურადღებას და მის დაძლევაში მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობს.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში სხვადასხვა ქვეყანაა გაერთიანებული. ზოგიერთ მათგანში, მაგალითად საქართველოსა და ბელარუსში კორუფცია მცირე დოზით არსებობს. თუმცა აქ არის ისეთი ქვეყნები სადაც კორუფცია ძალიან არის გავრცელებული. მაგალითად უკრაინასა და მოლდოვაში. თითქმის შეძლო კორუფციის მოთოკვა საქართველოში. ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ახლა უკრაინაში იმყოფება. ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, თუკი მას უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმარებით,"- განაცხადა იანუშ კორვინ- მიკკემ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.