თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულოში მეორე სხდომა გაიმართა. დაკომპლექტდა ფრაქციები და საკრებულოს კომისიები, დღესვე დაამტკიცეს კომისიების თავმჯდომარეებიც. „ქართული ოცნების“ 40 დეპუტატი სამ ფრაქციაში გადანაწილდება, თითო-თითო ფრაქცია ექნებათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, მათი ორი დეპუტატის მანდატი საკმარისი არ არის ფრაქციის ფორმირებისთვის.
„ევროპული საქართველოს“ ფრაქციას გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, პარტია გაამახვილებს ყურადღებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის.
„ეს არის თბილისის ხელისუფლების კონტროლი. იმიტომ, რომ არაფერი არ ხდებოდეს თბილისელების ზურგს უკან, მერია არ იყოს ჩაკეტილი ორგანიზაცია, რომელიც მარტო პარტიულ ინტერესებს ემსახურება, როგორც ეს იყო ნარმანიას დროს,“ - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, ყურადღება მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებზე გაამახვილა. როგორც მარიკა დათუკიშვილმა განაცხადა, ამის საჭიროება არ არსებობს და ბიუროები უნდა გაუქმდეს.
„არანაირი საჭიროება არ არის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ჰყავდეს ბიუროები, როდესაც ისედაც 33 მუნიციპალური დაწესებულება არის და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს ხელსაყრელი შესაძლებლობა, რომ მივიდეს და თავისი პრობლემა დააყენოს. მოვითხოვთ ამ ბიუროების გაუქმებას, იმიტომ, რომ წელიწადში მილიონ ნახევარი ლარი იზოგება,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარე. გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ბიუროებში გატარდება გარკვეული რეფორმები. უნდა დადგინდეს საკონკურსო პირობები იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ამ ბიუროებში დასაქმდებიან.