კონსტიტუციაში ჩასასწორებელი საკითხების საერთო სახალხო განხილვა მიმდინარეობს ამ წუთებში ქუთაისში, პარლამენტის შენობაში. სხდომას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უძღვება, მოწვეული სტუმრები ესწრებიან, მათ შორის არიან დასავლეთ საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები, სტუდენტები, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
“ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, ფუნდამენტურად შეგვეცვალა საქართველოს კონსტიტუცია და ეს მიზანი განხორციელებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. ჩვენ სამწუხაროდ, არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ზედმეტად იყო პოლიტიზებული ეს პროცესი, არასწორი ფორმითაც შეიძლება ითქვას პოლიტიზებული და ამან არ მოგვცა საბოლოოდ იმის საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა კონსტიტუციის არსთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ აკადემიური ფორმით ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და ამის გაკეთება ყველაზე კარგად არის შესაძლებელი რა თქმა უნდა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან," - განაცხადა კობახიძემ.