20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაცია - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება

სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაცია და ომბუდსმენის საკონსტიტუციო მანდატის დაკნინება - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ბოლოდროინდელ ბრალდებებს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების ნაწილს იმის მტკიცება უწევს, არის თუ არა სახალხო დამცველი ხალხის მტერი.

„დღეს დილით, უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა სახალხო დამცველთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და გაჩნდა იმედი, რომ საბოლოოდ, უმრავლესობაში საღი აზრი გაიმარჯვებდა სახალხო დამცველთან დაკავშირებით, თუმცა, დღის მეორე ნახევარში კვლავ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, სახალხო დამცველი გამოჰყავთ, როგორც ხალხის მტერი და საკმაოდ აბსურდულ სიტუაციაში ვართ ჩვენ, ყველა ერთად. საზოგადოების, პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველი არის თუ არა ხალხის და ქვეყნის მტერი და მეორე ნაწილს უწევს იმის ახსნა, რომ ეს ასე არ არის,“ - განაცხადა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ ამ თემის წინ წამოწევით სხვა თემების გადაფარვა ხდება.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხდება გამოგონილი, ვირტუალური თემებით მანიპულაცია. ეს მაშინ, როცა ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებთ უმთავრესი პრობლემები,“ - განაცხადა კოჟორიძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მისამართით გამოთქმული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

დღის ამბები