20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
მესამე სექტორი ფარცხალაძე-მერიას შორის გაფორმებული სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ მტკიცებულებების დამალვის მცდელობაზე საუბრობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თბილისის მერიაში პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული კორუფციული გარიგების შესახებ მტკიცებულებების დამალვის მცდელობაზე საუბრობენ. 

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ მაისში გამოქვეყნებული შუალედური დასკვნის მიხედვით, სახეზე იყო ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანიასა და მერიას შორის შესაძლო კორუფციული კავშირები, რომელიც მზიურის ტერიტორიაზე მიწების ჩანაცვლებას ეხებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურმა დაამტკიცოს, რომ ის გავლენებისგან დამოუკიდებელი ორგანოა და გაასაჯაროვოს თბილისის მერიაში პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტები.

„არსებობდა კონკრეტული გარემოებები და კონკრეტული ფაქტები, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ თბილისის მერიაში სავარაუდო კორუფციას ჰქონდა ადგილი და ამაში იყო ჩართული ბატონი ფარცხალაძე,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი მამრიკიშვილი აღნიშნავს, რომ აუდიტის დასკვნა საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.  

დღის ამბები