ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა დელეგაციის წევრების კითხვები შეეხებოდა კონსტიტუციას, თუ რამდენად უზრუნველყოფს ის ბალანსის სისტემას სახელმწიფო ინსტიტუტებში.
„დაისვა კითხვები რამდენად არსებული კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რამდენად მიღებული კონსტიტუცია უზრუნველყოფს ბალანსის სისტემას და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას. ცხადია ამაზე პრეზიდენტის მხრიდან დაფიქსირებული იქნა პოზიცია, რომელიც არაერთხელ გაჟღერდა და სამწუხაროა, რომ ჩვენ მივდივართ ამ ეტაპისთვის სრული სვლით ერთპარტიული გადაწყვეტილებებისკენ,“-განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით საუბრის თემა იყო ასევე, აზერბაიჯანელის ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით დელეგაციის წევრებმა გამოხატეს ძალიან დიდი შეშფოთება ამ თემასთან მიმართებაში.
„საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბატონი მუხთარლის საქმე არის ჩვენი დიდი სირცხვილი,“-განაცხადა აბაშიშვილმა.