20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ომბუდსმენის პოზიციაზე ხელისუფლებისადმი ლოიალური კანდიდატი შეირჩევა

„ხელისუფლების მხრიდან, თავისთავად, ყველანაირად ექნება მცდელობას ადგილი, რომ შეირჩეს ისეთი კანდიდატურა, რომელიც არის ხელისუფლებისადმი ლოიალური,“ - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კალანდაძე ომბუდსმენობის კანდიდატის შესარჩევ ეტაპს.

არასამთავრობო სექტორი საპარლამენტო უმრავლესობას ომბუდსმენის ვაკანსიაზე 4 კანდიდატს სთავაზობს. ამასთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობამ, შესაძლოა, სოფო ხორგუანის და სოფო ჯაფარიძის კანდიდატურებზეც იმსჯელოს.

„თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ბუნებრივად მიუკერძოებელი იყოს და ახლა ჰქონდეს ეს განწყობა, არამედ, რეალურად, მერე შეძლოს, რომ ხელისუფლების წნეხს გაუძლოს, რომელიც ცალსახად იქნება თუ მართლა შეირჩევა ასეთი კანდიდატურა,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ მისი პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარსულში საკმაო გამოცდილება ჰქონდეს.

„პოლიტიკური აფილაცია, ჩემი აზრით, არის სერიოზული პრობლემა კანდიდატის. არასამთავრობოს მხრიდან ნომინირება არის სერიოზული პლუსი, მითუმეტეს, ისეთი არასამთავრობოდან, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობენ და რეიტინგი, გამოცდილება, პრესტიჟი ამ კუთხით გააჩნიათ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სახალხო დამცველის პოზიციაზე წარსადგენი კანდიდატების შესახებ ხვალ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ. მმართველი გუნდი საბოლოო პოზიციაზე სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ შეჯერდება.

არასამთავრობო სექტორი საპარლამენტო უმრავლესობას ომბუდსმენის ვაკანსიაზე 4 კანდიდატს სთავაზობს. კერძოდ, საუბარია ნინო ლომჯარიას, ანა ნაცვლიშვილის, ვახუშტი მენაბდისა და ზვიად ქორიძის კანდიდატურებზე. 

დღის ამბები