„სტრასბურგში კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებს პოლიტიკურ დევნას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე.
ევროსასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.
სამადაშვილის თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად, ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლოს.
„მის წინააღმდეგ დაირღვა ფუნდამენტური უფლებები და ერთადერთი პასუხი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებამ გასცეს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა, არის პატიმრის გათავისუფლება. თუმცა, მე არ მგონია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ადეკვატურ პასუხს გადადგამს სტრასბურგის გადაწყვეტილების საპასუხოდ,“ - განაცხადა სამადაშვილმა.