„ირაკლი თოფაძეს არ აქვს ბიზნეს ინტერესი „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ - ამ განცხადებას ”Hyundai Auto Georgia”-ს მფლობელი დავით გიორგობიანი აკეთებს. გიორგობიანი დავების საბჭოს წევრის, მამუკა ტუსკაძის სკანდალური განცხადებას პასუხობს, სადაც ტუსკაძე ამბობს, რომ სადაო ტენდერებში ”Hyundai Auto Georgia”-ს ინტერესები იკვეთება, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოგი თოფაძის შვილი, ირაკლი თოფაძეა.
გიორგობიანი თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ადასტურებს, იმის შესახებ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ მხოლოდ ფიქტიურად დაინიშნა.
დავით გიორგობიანი „კურიერთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ირაკლი თოფაძეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობა 2011 წელს სთხოვა, თუმცა თოფაძის მინდობილობის თანახმად, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
„ირაკლი თოფაძეს არ აქვს ბიზნეს ინტერესი „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“. იგი არ იღებს ხელფასს, არ იღებს დივიდენდს, არ ფლობს აქციებს, შესაბამისად, არის ნომინალურად სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. კანონის მოთხოვნაა, რომ სააქციო საზოგადოებას უნდა ჰყავდეს სამი წევრი, ერთი თავმჯდომარე და ორი წევრი სამეთვალყურეო საბჭოსი, ეს არის მოთხოვნა. შესაბამისად, რადგან მე ვარ 100%-ის მფლობელი აქციების, მე ვინც ჩავთვალე საჭიროდ, ირაკლი თოფაძე, 2011 წლიდან, უფრო ადრე კიდე, არის სამეთვალყურეო საბჭოში. ჩემი მეგობარია და იმიტომ. ოჯახებიც მეგობრობდნენ, მამებიც მეგობრობდნენ, ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და აქედან გამომდინარე. 2011 წლის შემდეგ მე მაქვს მინდობილობა ირაკლი თოფაძისგან, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ეს მინდობილობა, რომ მე ვარ უფლებამოსილი ყველაფერზე,“ - განაცხადა ”Hyundai Auto Georgia”-ს მფლობელმა დავით გიორგობიანმა.