3 მილიარდ 147 მილიონი ლარი - ეს არის თანხა, რასაც საქართველოს მოქალაქეები ყოველწლიურად ხარჯავენ ბიუროკრატიული აპარატის შენახვაზე. მონაცემები "ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტმა" შეისწავლა.
კვლევის მიხედვით, თუკი 2012 წელს ბიუროკრატიული აპარატის შენახვა ქვეყანას 2 მილიარდ 500 მილონი ლარი უჯდებოდა, 2016 წლის ბოლოს ციფრი უკვე 647 მლნ. ლარით გაიზარდა და დღეისათვის ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე დასაქმებული მაღალჩინოსნების შენახვა გადასახადის გადამხდელებს 3 მილიარდ 147 მილონი ლარი უჯდებათ.
IDFI-ის ინფორმაციით, გაზრდილია სამვილინებო ხარჯებიც, თუკი 2012 წელს მივლინებებზე 53 მლნ. ლარი იხარჯებოდა, ციფრი 2016 წლისთვის უკვე 68 მლნ ლარზე ავიდა.
თუმცა არის დადებითი ტენდენციებიც, IDFI-ის მონაცემებით, 2012 წლიდან 2016 წლამდე ტრასნპორტის ექსპლუატაციის, ანუ საწვავის ხარჯები 160 მლნ ლარიდან 119 მილიონ ლარამდე შემცირდა.
კლების ტენდენციაა მინისტრების შრომის ანაზღაურებაში, თუმცა აქ საუბარია მხოლოდ მინისტრის პორტფელზე, რომელის შრომის ანაზღაურება 2012 წლის შემდეგ კანონმდებლობით დარეგულირდა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ბიუროკრატიულ ხარჯს ლოგიკურ ნიშნულამდე დაიყვანს.
„დახარჯული თანხები ბიუროკრატიის შენახვაზე ყოველწლიურად იზრდება. უნდა მოხდეს სტრატეგიის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ეტაპობრივად მის მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას და იმ ლოგიკურ ნიშნულამდე დაყვანას, რაც აუცილებელია სახელმწიფოს თავისი სერვისების საწარმოებლად, თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობამ წინა დღეს გვამცნო, რომ ის აუქმებდა სამინისტროებს, როდესაც ბიუჯეტის პროექტით ჩვენ ვნახეთ, რომ არანაირი ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება ამ კუთხით არ არის,“-აცხადებს IDFI-ის წარმომადგენელი გოგა თუშურაშვილი.