21 დეკემბერი 2024,   22:32
ვრცლად
18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტს პეტიციით მიმართა

18 არასამთავრობო ორგანიზაცია გენერალ გოგი თათუხაშვილის ინიციატივას უერთდება. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ომის ვეტერანების და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობს.

არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პეტიციაც შეიტანეს, რომელითაც 17 პატიმრის, მათ შორის ბაჩო ახალაიას გათავისუფლება მოითხოვეს. მათივე თქმით, ისინი აღნიშნული ინიციატივას საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გააცნობენ.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები და ამის პირდაპირი დადასტურება არის სტრასბურგის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით.

„2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ მოღვაწეობა დაიწყო ოპონენტების დევნით. ეს პროცესი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ შეფასდა, როგორც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა და ამ შეფასების კულმინაცია იყო ვანო მერაბიშვილის პროცესი სტრასბურგში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გვყავს პოლიტიკური პატიმარი,“ - განაცხადა „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წევრმა მანანა ჯებაშვილმა. 

დღის ამბები